ასოციაცია ანიკა ახალ პროექტს იწყებს – პერსონალური ასისტენტის სერვისი საქართველოში

სიახლეები

ასოციაცია ანიკა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB Georgia), ფარგლებში იწყებს ახალ პროექტს: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისი“.

მოცემული პროექტის მიზანია საქართველოსთვის ახალი, ინოვაციური სოციალური სერვისის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა პერსონალური ასისტენტი“-ს შექმნა და განვითარება.

პერსონალური  ასისტენტის სერვისის არ  არსებობა  საქართველოში  მნიშვნელოვან  პრობლემებს  იწვევდა შშმ  ადამიანის  დამოუკიდებლობის,   თვითშეფასებისა  და   თვითრეალიზაციის ხარისხის  ამაღლებაში. ხშირ შემთხვევაში კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრებს, როგორც მათი შშმ შვილის პერსონალურ ასისტენტებს, არ  ეძლეოდათ მუშაობის, კარიერული წინსვლის,  პიროვნული  განვითარების, დასვენების და საერთოდ  თითქმის არაფრის  შესაძლებლობა. ეს საკითხი კი პრობელმას უქმნიდა როგორც შშმ ბავშვის განვითარებას, ასევე მისი ოჯახის წევრების წინსვლას.

სწორედ ამიტომ ასოციაცია ანიკა ASB საქართველოს მხარდაჭერით იწყებს პერსონალური ასისტენტის სერვისის განვითარებას საქართველოში. აღნიშნული  სერვისი გულისხმობს  შშმ პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას:

  • შშმ პირების სახლის სერვისი მცირე საათებით ან დღეებით;
  • შშმ პირების რეკრეაციულ და ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა;
  • დასაქმების და პროფესიული განათლების ხელშეწყობა;
  • გადაუდებელი და დაუგეგმავი სიტუაციებისათვის მოკლევადიანი სერვისი და სხვა.

ასოციაცია ანიკას გუნდი ASB საქართველოსთან ერთად შეეცდება მოცემულმა პროექტმა ქალაქ თბილისში განავითაროს ინოვაციური სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს/პირებს კვალიფიციური და პროფესიონალი პერსონალური ასისტენტის მხარდაჭერით დაეხმარება დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში, ხოლო მათ ოჯახის წევრებს კი დროის საკუთარი საჭიროების მიხედვით გამოყენების საშუალებას მისცემს.

© Copyright - anika.ge