ასოციაცია ანიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პერსონალური ასისტენტის სერვისს სთავაზობს

სიახლეები

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში “საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB Georgia), ასოციაცია ანიკა ახორციელებს პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/ პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისი“. პერსონალური ასისტენტის სერვისი მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აძლევს საშუალებას განსაზღვრული დროით კვალიფიციური და პროფესიონალი პირის ასისტირებით ისარგებლონ. ასოციაცია ანიკა სწორედ ამ, საქართველოსათვის ინოვაციურ სერვისს ნერგავს.

რა არის პერსონალური ასისტირების მომსახურება  ?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უზრუნველყოფა მის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას საჭირო ასისტირების ოდენობით, რაც ზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობას. ასისტირების აქტივობები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და მოიცავდეს მხარდაჭერას საკუთარი თავის მოვლის, კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მუშაობისა და დასვენების, კომუნიკაციის, დღის დაგეგმვის ან/და სხვა აქტივობებს. შესაბამისად, პერსონალური ასისტირების მომსახურება, განსხვავებული საჭიროებებისა და ცხოვრების სიტუაციის შესაბამისად, ინდივიდუალურია და ყველა მომხმარებელთან მიმართებით მომსახურების ოდენობა (საათების რაოდენობა) მნიშვნელოვნად ვარირებს.

ასოციაცია ანიკა სწორედ ამ მოდელის პილოტირებას იწყებს, რისი საშუალებითაც პირველ ეტაპზე თბილისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ბავშვებს პროფესიონალი პირის ასისტირების საშუალებას მისცემს.

პროექტის ფარგლებში, კონკურსის წესით შეირჩა 10 პერსონალური ასისტენტის კანდიდატი, რომელთაც ჩაუტარდათ ტრენინგ კურსის სერია: 1. პერსონალური ასისტირების არსი და მის საფუძვლად არსებული მოდელები; 2. პერსონალური ასისტენტის ფუნქციები, ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და უფლებები; 3. ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები; 4. არასასურველი/პრობლემური ქცევა და მისი მართვა; 5. ინტელექტუალური დარღვევის გავლენა პიროვნების ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე და ხელშეწყობის სტრატეგიები; 6. ფიზიკური უნარის შეზღუდვის გავლენა პიროვნების  ყოვედღიურ ფუნქციონირებაზე; 7. მხედველობის შეზღუდვის გავლენა პიროვნების ყოვედღიურ ფუნქციონირებაზე; 8. პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრეინინგი.

მოცემული ტრენინგ კურსის მიზანი პერსონალური ასისტენტების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება იყო, რისი გავლის შემდეგ ასისტენტები მზად არიან პროექტის ფარგლებში, წინასწარ შეთანხმებული ლიმიტით, უფასოდ გაუწიონ მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ბავშვებს.

მოცემული პროექტი რამოდენიმე თვე გრძელდება, რომლის ფარგლებში ასისტენტის დახმარება სრულიად უფასოა. პროექტის დასრულების შემდეგ ასოციაცია ანიკა პილოტირებულ და გამართულ სერვისს გააგრძელებს როგორც სოციალური საწარმო.

სერვისით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/17JxJv55-PiWNU4fX6XmD2MpRHpGJ-QU8vvguvIxGN50/edit

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

322 2 69 45 91 / 103

 

 

© Copyright - anika.ge