შშმ პირთა ”მხარდაჭერითი დასაქმების და კეთილდღეობის პროგრამა" გასცდა თბილისის საზღვრებს

Date: 28/09/2020

შშმ პირთა ”მხარდაჭერითი დასაქმების და კეთილდღეობის პროგრამა" გასცდა თბილისის საზღვრებს

ასოციაცია „ანიკა“ განახლებული მიდგომებითა და გეოგრაფიული დაფარვით აგრძელებს პროგრამას- ”მხარდაჭერითი დასაქმების და კეთილდღეობის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის“. პროგრამა ფოკუსირებული იქნება ორ მთავარ მიმართულებაზე: პირველი - პროექტი დაეხმარება მონაწილეებს, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მსუბუქი ფორმა მოემზადონ დასაქმებისთვის და დაეხმარონ მათ მუდმივი სამუშაოს გარანტირებაში. მეორე მხრივ, პროგრამა დაეხმარება უფრო რთული ან კომპლექსური ფორმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მაქსიმალურად განავითარონ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები და მათი პოტენციალი.

პროგრამის პირველი მიმართულება გარდა თბილისისა, უკვე საქართველოს სამ რეგიონშიც ხორციელდება და შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების დასაქმებისა და თვითდასაქმების მხარდაჭერას იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებშიც ახორციელებს. პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც აქვთ გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევები და სამუშაო გამოცდილება. პროექტი ხორციელდება „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ - პარტნიორობით.

„კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ შექმნა ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები“, რომელთა თანამშრომლების გადამზადება მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტების კომპეტენციებით, უზრუნველყო ანიკამ. აღნიშნული ცენტრების თანამშრომლები იმუშავებენ შშმ პირთა დასაქმების კონსულტანტებად თავიანთ რეგიონებში და ხელს შეუწყობენ მუნიციპალურ დონეზე დასაქმებას. ანიკას მიერ მომზადებული დასაქმების კონსულტანტები (ჯობ ქოუჩები) შემდეგი სახის მხარდაჭერას აღმოუჩენენ  სამსახურის მაძიებელ შშმ პირებს: 

 - შეაგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივ თემებში არსებული ვაკანსიების და / სტაჟირების პოზიციების შესახებ;
- სამუშაო მაძიებლებს მომზადებენ შრომის ბაზრისთვის/ ან დასაქმებისთვის.
- კერძო და საჯარო დაწესებულებების დამსაქმებლებს კონსულტაციას გაუწევენ შშმ პირთათვის სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
- ითანამშრომლებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებასა თუ  სტაჟირებაზე;
-ორგანიზებას გაუწევენ  შეხვედრებს დამსაქმებლებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამსახურის მაძიებელ პირებს შორის. 

ჩვენ ვაგრძელებთ შშმ პირთა მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამის ფარგლებში აქტიურ მუშაობას და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რათა ჩვენს სამიზნე ჯგუფს მივცეთ შესაძლებლობა გაიარონ გზა დასაქმებიდან კეთილდღეობამდე!