ბლოგი: პერსონალური ასისტენტი

თარიღი: 01/02/2023

ბლოგი: პერსონალური ასისტენტი

“ოჯახთან შეგუება პრობლემა არ ყოფილა, დიდი სიხარულით მხვდებიან და მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს, მათი სიხარული მაბედნიერებს” - ასე იწყებს ამბის თხრობას დარიკო გუნდაძე, პერსონალური ასისტენტი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მოფრინეთში. ის უკვე 5 თვეა, რაც პერსონალური ასისტენტის პროგრამაშია ჩართული და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოსაყოლიც და სათქმელიც მრავლად და(უ)გროვდა.

 

დარიკოს მხრიდან მხარდაჭერა, ბენეფიციარი ოჯახის ორ წევრზე - დედასა და გოგონაზე ვრცელდება. ორივე მათგანს, ინტელექტუალური შეზღუდვა აქვს და მათთვის, პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობის პროგრამის დანერგვა, უკეთესი ცხოვრების წინაპირობა გახდა. „დედა გაიხსნა ჩემთან, უფრო აქტიური გახდა, განწყობა შეეცვალა, დაძაბულობა მოესხნა“ - აღნიშნავს დარიკო საუბარში.

 

აღნიშნული პროგრამა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ამ ეტაპისთვის, საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებს; ერთ-ერთი რეგიონი კი მათ შორის - აჭარაა, ხოლო თავად აჭარაში, ქედა და შუახევია ის მუნიციპალიტეტები, სადაც ასისტენტები ამგვარ მომსახურებას გასწევენ. თითოეულმა მათგანმა, შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების ეტაპები წარმატებით გაიარა.

„პირველ რიგში, ვეკითხები თუ რა სურს მას, რისი შესწავლა და კეთება ურჩევნია“ - ასე უპასუხა დარიკომ კითხვას იმის შესახებ თუ რა პრინციპებზეა დამყარებული ბენეფიციარებთან ურთიერთობა. პერსონალური ასისტენტი ის ადამიანია, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე ზრუნავს; მხარს უჭერს მას დაგეგმოს და განახორციელოს ყველაფერი, რაც განვითარებას, პიროვნულ, კარიერულ თუ სხვა სახის ზრდას მოემსახურება.

 

გოგონა, რომლის ასისტირებაც დარიკოს მოვალეობაა, მე-9 კლასშია. კლასელებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს, უყვარს სიმღერა; სასკოლო საგნებიდან - ქართული და მათემატიკა. მონაწილეობა საახალწლო ზეიმშიც მიიღო. ვკითხეთ, ყველაზე მეტად რა მოგწონსო და პასუხი ასეთი იყო: „დარიკოსთან ერთად პიცის გამოცხობა“. როგორც ჩანს, კულინარია მისი ერთ-ერთი გატაცებაა - დაადასტურა დარიკომაც.

 

„კი, კი, უმაგისოდ როგორ აბა“ - ეს კი, დედის საუბრიდან ერთ-ერთი ფრაზაა. ასე, მან, პერსონალური ასისტენტის პროგრამა და უშუალოდ დარიკოს ყოფნა შეაფასა. როცა გოგონა სკოლაშია, დარიკო საშინაო საქმეების დაგეგმვაშიც მონაწილეობს. ეს, მისი უშუალო ვალდებულება არაა, მაგრამ მეგობრული ურთიერთობის ნაწილად იქცა. „წნევას მიზომავს, ოჯახის ექიმთან რეკავს ან მიმყვება თუ საჭიროა“ - დასძენს დედა. ოჯახში ტელეფონი არ აქვთ, შესაბამისად, ნათესავებთან კომუნიკაციის ხიდიც პერსონალური ასისტენტია.

 

„ოჯახში რაც ხდება, თუ რამე გასაჭირია, ჩვენ გვერდითაა“ - ამგვარად აღწერს ასისტენტის როლს ბენეფიციარი ქალბატონის მეუღლე. ისიც, თავს უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს, როდესაც ასისტენტი ეგულება ოჯახის მხარდამჭერად. „სკოლაშიც შევდივარ, მასწავლებლებთანაც მაქვს კავშირი. ბავშვისთვის რა და როგორ სჯობს, ამაზეც ხშირად ვსაუბრობთ“ - ამბობს დარიკო.

ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთან ურთიერთობის შესახებ ცოდნა მან დასაწყისში აღნიშნულ ტრენინგებზე შეიძინა, რომელიც დაახლოებით ერთ კვირას გრძელდებოდა და მოიცავდა ყველა აუცილებელი ინფორმაციის თავმოყრილი სახით მიღების პროცესს.

პროგრამის განხორციელების პროცესში, გარდა მომსახურების გამწევი ორგანიზაციებისა, ქედისა და შუახევის მუნიციპალურ-ადმინისტრაციული ერთეულებიცაა ჩართული. შუახევში, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების გამწევი ჯგუფის წევრებს ტრანსპორტით, ხოლო სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორებს, საკონფერენციო სივრცეებით უზრუნველყოფენ; ქედაში, ამასთან ერთად, 2022 წელს პროგრამის თანადაფინანსების კომპონენტიც იყო გათვალისწინებული, ხოლო 2023 წლიდან უკვე ორივე მუნიციპალიტეტი გაიღებს საბიუჯეტო სახსრებს ამ მიმართულებით.

პერსონალური ასისტენტის პროგრამის დანერგვა, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2020 წელს, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის“ კანონის მიღების ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო სერვისებისა თუ კომპონენტების ამოქმედებას საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა ნაწილში; იქნება ეს დასაქმება, განათლების მიღება, კარიერული განვითარება თუ სხვა.

პროექტი ხორციელდება ასოციაცია “ანიკას” დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“. აჭარის რეგიონში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციაა „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“.