ბლოგი შინმოვლის პროგრამის შესახებ

თარიღი: 07/02/2023

ბლოგი შინმოვლის პროგრამის შესახებ

„როცა ოჯახის წევრები მთელი დღით გადიან სახლიდან, ხანდახან, შაბათ-კვირასაც ვრჩები პროგრამის მონაწილესთან მათ დაბრუნებამდე. ასეთ დროს, ყველა მშვიდადაა, რადგან იციან რომ მე იქ ვარ და მენდობიან“ - მაგული დიასამიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში, შინმოვლის პროგრამის ფარგლებში შერჩეული სპეციალისტია. პროფესიით ექთანია; შესაბამისად, საშინაო პირობებში, მისი ზრუნვის ქვეშ მყოფი პირისთვის მომსახურების გაწევა, მრავალმხრივად შეუძლია. ესენია: გადაადგილებაში დახმარება, პირადი ჰიგიენის დაცვა, მედაკამენტოთერაპია, მკურნალობის ზედამხედველობა, წნევის კონტროლი თუ სხვა...

„შინმოვლის პროგრამა“ საქართველოს რამდენიმე რეგიონში, საპილოტე რეჟიმშია და აჭარა ერთ-ერთი ასეთია. ამ ეტაპისთვის, პროგრამის განხორციელების ადგილებად შერჩეულია ორი მუნიციპალიტეტი - ქედა და შუახევი. ის რომ მაგული პროფესიით ექთანია, შემთხვევითი არაა. სპეციალისტების შერჩევისას, სწორედ სამედიცინო კუთხით პრაქტიკული გამოცდილების ქონა იყო ერთ-ერთი წამყვანი კრიტერიუმი. გარდა ამისა, შერჩეულმა სპეციალისტებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მოპყრობის შესახებ, დაახლოებით 60 საათიანი ტრენინგ-კურსიც გაიარეს.

„შუადღის 3-4 საათიდან ოჯახში ვარ; ხანდახან - გვიან საღამომდეც. ასე უფრო ურჩევნიათ, ასე დავგეგმეთ ერთობლივად განრიგი“ - აზუსტებს მაგული საუბარში დეტალებს იმის ხაზგასასმელად, რომ ოჯახთან შეგუების პრობლემა საერთოდ არ ჰქონია და არც ოჯახს ჰქონია რაიმე სახის მიუღებლობა; პირიქით, მაგულის ყოფნა მათი დიდი იმედი და დასაყრდენია.

„პროგრამის დანერგვის მთავარი შედეგი ისაა, რომ როდესაც სახლში არ ვართ, ვიცი რომ უსაფრთხოდ ვტოვებთ მელანოს[სახელი შეცვლილია] სახლში მაგულისთან ერთად. აღარ მეშინია იმის, რომ შეიძლება წაიქცეს, რაიმე დაიზიანოს ან მდგომარეობა გაიუარესოს. გამომდინარე იქიდან, რომ მაგული ექთანია, გადასხმა იქნება, მედიკამენტების დროულად მიღება თუ რამე სხვა, ჩვენ მას ვენდობით და ვანდობთ მელანოზე ზრუნვას“ - ჰყვება პროგრამის მონაწილის ოჯახის წევრი.

შინმოვლის პროგრამით სარგებლობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ფრაგმენტულად, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში წარსულშიც შეეძლოთ, თუმცა, უმეტესად, სერვისის მიწოდებისთვის შერჩეული ფორმები და მიდგომები, ღირსების შემლახავ გარემოს უქმნიდა პროგრამის მონაწილეს და არ იყო ორიენტირებული მის განვითარებაზე. ქედასა და შუახევში, მსგავსი პროგრამა აქამდე არასდროს განხორციელებულა.

„საკუთარი მდგომარეობის გათვალისწინებით, პროგრამის მონაწილე ვერ გაგესაუბრებათ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მისი ასაკის მიუხედავად, რომელიც 94 წელია, მას შემდეგ რაც პროგრამის ფარგლებში მასზე ზრუნვა ჩემი მოვალეობა გახდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება - შევაჩერეთ“ - ამგვარად აღწერს მაგული საკუთარი საქმიანობის შედეგს 5 თვის თავზე.

კმაყოფილია იმით, რომ მელანო მას მიჰყვება, მაქსიმალურად ითვალისწინებს მაგულის რჩევებს და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, სპეციალისტთან კომუნიკაცია მაინც წარმატებით გამოდის. „ერთადერთი, რასაც დამატებითი სურვილის სახით ვიტყოდი ისაა, რომ იქნებ შინმოვლის სპეციალისტის სამუშაო საათები, რა თქმა უნდა, ანაზღაურების მატების სანაცვლოდ - გაიზარდოს. პროგრამის არსებობა არსებული საათობრივი დატვირთვითაც წარმატებულია, მაგრამ თუ მეტი დრო იქნება გამოყოფილი, მით მეტად დაგვეხმარებოდა ოჯახს“ - ამბობს პროგრამის მონაწილის ოჯახის წევრი საუბრის ბოლოს.

აუცილებელია იმის ხაზგასმაც, რომ ჯამურად, ქედასა და შუახევში, შინმოვლის პროგრამით 25 ადამიანი სარგებლობს; თუმცა, სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების სახელზე, 70-მდე განცხადებაა პროგრამაში ჩართვის მსურველთა მხრიდან დაფიქსირებული.

პროგრამის განხორციელების პროცესში, შუახევისა და ქედის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიცაა ჩართული. ფინანსური თუ სხვა სახის შესაძლებლობის მიხედვით, ისინი კოორდინატორებისა და საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრების ტრანსპორტირებას და სამუშაო შეხვედრებისთვის, შესაბამისი საკონფერენციო სივრცეების დათმობას უზრუნველყოფენ. 2023 წლისთვის კი, ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, პროგრამის თანადაფინანსების კომპონენტია გათვალისწინებული.

პროექტი ხორციელდება ასოციაცია “ანიკას” დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“. აჭარის რეგიონში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციაა „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“.