„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს” მესამე კომიტეტის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თარიღი: 21/06/2023

მიმდინარე წლის 9-10 ივნისს ასოციაცია “ანიკას” ინიციატივით ჩატარდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს” მესამე კომიტეტის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა საგურამოში.
შეხვედრაზე ექსპერტ-კონსულტანტმა მაგული შაღაშვილმა კომიტეტს წარუდგინა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული „უფლებებზე დაფუძნებული მხარდამჭერი მომსახურებების განვითარების სტრატეგიის“ მიზნები და ამოცანები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დოკუმენტი აქამდე არ არსებობდა და ვფიქრობთ, აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სოციალური მომსახურებების განვითარებას შშმ ადამიანებისთვის - ცხოვრების ყველა ეტაპზე.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც კომიტეტის წევრებთან ერთად შეიმუშავეს სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.
შეგახსენებთ, რომ ასოციაცია „ანიკა“ ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“. პროექტის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.