ისტორია

ისტორია

ორგანიზაციის ისტორია

ასოციაცია „ანიკამ’ თავისი არსებობის პერიოდში განვითარების რამდენიმე საფეხური განვლო. საწყის ეტაპზე,  მნიშვნელოვანი იყო თავის გარშემო შემოეკრიბა ის მშობლები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ჰყავდათ და დაერწმუნებინა ისინი, რომ გაერთიანების და ერთობლივი ძალისხმევის გარეშე მათი შვილების განვითარებაში წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამისათვის, ასოციაციას გარკვეული ავტორიტეტი სჭირდებოდა, რისი საშუალებაც მცირე პროექტების განხორციელებით გახდა შესაძლებელი. მცირე პროექტები კი იყო კულტურულ-საგანმანათლებლო ბანაკები და ლოკალური ღონისძიებები. ასოციაციამ დასაწყისშივე აირჩია არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იზოლირებული, არამედ საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ღონისძიებები.

განვითარების შემდგომ ეტაპზე წამოიწია ბავშვთა საგანმანათლებლო ღონისძიებების აქტუალობამ და ამისათვის ზოგადი განათლების სისტემაში ჩართვის აუცილებლობამ. მიზნის მისაღწევად განვითარდა თანამშრომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ქ. თბილისის #10 საჯარო სკოლასთან, სადაც უკვე წარმატებით მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სწავლება მათ თანატოლებთან ერთად _ ერთ კლასში, ხოლო ბოლო სამი წელია ასოციაცია უკვე თანამშრომლობს ქ. თბილისის #149-ე საჯარო სკოლასთან, სადაც ხორციელდება ინტეგრირებული და ინკლუზიური სწავლების დანერგვა. სკოლაში უკვე ჩართულია 10 შშმ ბავშვი.

გამომდინარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვების მრავალმხრივი საჭიროებებიდან, მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესი საკმარისი არ იყო და აუცილებელი შეიქმნა მათთვის სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებაც. ამისათვის ასოციაციამ ააშენა სარეაბილიტაციო ცენტრი. ხოლო იმ ბავშვებისთვის, ვისი ჩართვაც ზოგადსაგანმანათლებლო პროცესებში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მათთვის ხორციელდება დღის მომსახურების ცენტრის პროგრამა.

ასოციაციის განვითარების მიმდინარე პერიოდში გამოიკვეთა უკვე მოზარდთა შემდგომი პროფესიული განათლება-დასაქმების აუცილებლობა და სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა პროექტი “ზურაბ ჟვანიას სახელობის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”.

აღნიშნული პროექტისათვის, ასოციაციამ 2005 წლის თებერვალში პრეზიდენტის განკარგულებით მიიღო ქ. თბლისში, ცოტნე დადიანის ქ. #136-ში არსებული შენობა, სადაც დონორებისა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა მისი აღდგენა-რეკონსტრუქცია-სარემონტო სამუშაოები.

ცენტრი სრულიად ადაპტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ეტლით მოსარგებლე ადამიანები გადაადგილდებიან დამოუკიდებლად. სერვისი მიეწოდება ფიზიკური შეზღუდვისა და გონებრივი შეფერხების მქონე 63 მოზარდს. მათგან 13 მოზარდი სარგებლობს ეტლით.

გარდა ამ მიმართულებისა, ასოციაცია  აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების საკითხებზე და ამ დროისათვის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციაში ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტების ძალისხმევით,  დასაქმებულთა რიცხვი 30-ს აღწევს.

დამატებით, ასოციაცია ანიკა შექმნა პერსონალური ასისტენტის ინოვაციური მოდელი საქართველოში, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და სრულად ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობისა და ჯანმრთელობის ხედვის სოციალურ მოდელსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას. სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, აძლევს საშუალებას განსაზღვრული დროით ისარგებლონ კვალიფიციური და პროფესიონალი პირის ასისტირებით, რაც მათ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზების საშუალებას აძლევს.