სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისთვის - კვლევის პრეზენტაცია

თარიღი: 20/01/2022

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისთვის - კვლევის პრეზენტაცია

2021 წლის 4 ნოემბერს პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში განხორციელებული ორი კვლევის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.

 პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს 4 რეგიონის - კახეთის, იმერეთის, გურიისა და აჭარის მუნიციპალიტეტების მოწყვლად პირთათვის სოციალური სერვისების საჭიროებების შესწავლის ანალიზი და ევროპის ქვეყნების უფლებებზე და საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების საუკეთესო მაგალითების ანალიზი. პრეზენტაციაზე ქართველმა მკვლევარმა, თამარ მახარაძემ, ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშე დგანან სამიზნე რეგიონების შშმ პირები და ხანდაზმულები და ყურადღებას გაამახვილებს მათ უფლებებზე დაფუძნებულ, საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ სერვისებზე. საერთაშორისო მკვლევარმა, კეიუ ტალვემ დეტალურად შეისწავლა ბალტიის ქვეყნების, ნორვეგიის, ფინეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ჩეხეთის, პორტუგალიის, შოტლანდიის სოციალური მომსახურებები.

 პრეზენტაცია ჩატარდა შერეული წესით, როგორც სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის საკონფერენციო დარბაზში, აგრეთვე ვირტუალურად პლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები; ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში; ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, რომელსაც ასოციაცია „ანიკა“ ახორციელებს. პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას მოწყვლად პირთა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისათვის.