სასწავლო ვიზიტი პორტუგალიაში

თარიღი: 18/07/2022

სასწავლო ვიზიტი პორტუგალიაში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში 3-8 ივლისს ასოციაცია “ანიკამ” პორტუგალიაში სასწავლო ვიზიტი გამართა.

 ვიზიტის მიზანი იყო პორტუგალიის სხვადასხვა სოციალური მომსახურებების დეტალური შესწავლა და მათ განხორციელებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობისა და კომპეტენციების განაწილების გაცნობა.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების - ლანჩხუთის, ბაღდათის, ხარაგაულის, ქედის, ყვარელის მერებმა და ჩოხატაურისა და შუახევის მერის მოადგილეებმა, მომსახურების მიმწოდებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი ეწვია როგორც პორტუგალიის დედაქალაქის, ლისაბონის სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და პორტუგალიის მუნიციპალიტეტების ორგანოებსა და წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა ინფორმაცია მიიღო სოციალური სერვისების ევროპული სტანდარტების შესახებ, დეტალურად გაეცნო პორტუგალიაში არსებულ მომსახურებებსა და სერვისის მიწოდებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას.

 შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან ასოციაცია „ანიკა“ ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“. პროექტის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.