ეკა უმეკაშვილის ბლოგი
სულ ვფიქრობ ხოლმე, ვინ ვიქნებოდი დღეს, სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი. პასუხი ერთი მაქვს_არავინ. ვიცნობ ბევრ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელშიც პოტენციალი სათაური უბრალოდ ჩაკლეს. ჩაკლეს ისევ უახლოესმა ადამიანებმა, დედამ, მამამ, დამ/ძმამ. ჩაკლეს იმიტომ, რომ მათთვის ის აღიქმებოდა ერთ “საცოდავ არსებად”, რომელსაც არც ოცნებები აქვს, არც მიზნები და არც რაიმე შესაძლებლობა.
მე გამიმართლა, ძალიან გამიმართლა… ვისწავლე, ვმუშაობ, მაქვს საქმე, რომელიც მიყვარს. დღესაც ბევრია, ვინც გაკვირვებას ვერ მალავს, როცა ვეუბნები, რომ დასაქმებული ვარ. გაკვირვების გამომხატველი დიალოგები, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია…
ერთ საღამოს, როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი და გაჩერებაზე ტაბლოს ყურებით დავიღალე, როგორც იქნა, სასურველი ნომერიც გამოჩნდა. ავტობუსები ყოველთვის ხალხითაა გადატენილი და არც ეს დღე აღმოჩნდა გამონაკლისი. დიდი ხნის ფეხზე დგომის შემდეგ, ადგილი განთავისუფლდა. დავჯექი. ბედნიერად მივეყრდენი სკამის საზურგეს და ფანჯარაში ყურებით ფიქრებში გავერთე, მაგრამ ვინ დაგაცადა…
_ყოველდღე გხედავ ხოლმე, მუშაობ?_გამაწყვეტინა ფიქრი გვერდით მჯდომმა ქალმა.
_ კი, ვმუშაობ_გავუღიმე.
აბა თუ გამოიცნობთ, რა იყო ამ ქალბატონის შემდეგი შეკითხვა.
“სად მუშაობ?”_არა, ვერ გამოიცანით.
“ხელფასი რამდენი გაქვს?”_ამ კითხვასაც ხშირად მისვამენ და ვერასოდეს ვხვდები, რატომ უნდა აინტერესებდეს უცნობს ჩემი ხელფასი. მაგრამ ამჯერად სულ სხვა კითხვა იყო. გეტყვით, თორემ ვერასოდეს მიხვდებით.
“პენსია ხომ გაქვს, რატომღა მუშაობ?”_აი, ეს იყო ის “დიადი” შეკითხვა.
პასუხის გაცემა დავაპირე, მაგრამ მერე მივხვდი, იმ ქალისათვის იმის ახსნა, რომ სამსახური მარტო ფულისთვის არ არსებობს, ის, თუ რა მნიშვნელოვანია საქმის კეთება პიროვნული განვითარებისათვის, ძალიან ზედმეტი იქნებოდა და ისევ ფანჯარაში დავიწყე ყურება. გარეთ უმოძრაოდ მდგარი ხეები ბევრად საინტერესო საყურებელი იყო…