ეკა უმეკაშვილის ბლოგი

ეკა უმეკაშვილის ბლოგი

ბევრია ისეთი ადამიანი, რომელმაც ისწავლა, დიპლომიც უჭირავს ხელში და თითქოს საოცნებო სამსახურსაც პოულობს. თუმცა მაინც უკმაყოფილოა, დაღვრემილი და მოღუშული დადის. სამუშაო დღის 8 საათის მანძილზე 800-ჯერ მაინც ამოწმებს დროს სახლში გაქცევის მოლოდინში.
რამდენიმე დღის წინ 5 წელი გახდა, რაც ასოციაცია “ანიკაში” ვმუშაობ და ამ წლების მანძილზე სამსახურში ყოფნის წუთები არასდროს დამითვლია. იცით რატომ? იმიტომ, რომ “ანიკა” ჩემი მეორე სახლია, ჩემი დიდი ოჯახი, სადაც მუდმივად საინტერესო რაღაც ხდება. ამ ოჯახმა შემცვალა, გამზარდა. “ანიკაში” გატარებულმა დრომ შემმატა გამოცდილება, დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა… ახლანდელი მე ძალიან განსხვავდება 5 წლის წინანდელი მესგან. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ ამ წლებმა უკვე ბევრი რამ მასწავლა, ბევრი 

შიში დამაძლევინა, ის გამაკეთებინა, რაზეც ვფიქრობდი, რომ ვერასდროს გავაკეთებდი. ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ “ანიკას” ყველაზე მაგარი გუნდის წევრი ვარ. აქ უამრავი კარგი საქმე კეთდება და ბედნიერებაა, როცა ამის უშუალო მონაწილე ხარ. ყოველ დღე ხედავ როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ და სიხარულით ივსები, როცა აცნობიერებ, რომ მათ ბედნიერებაში პატარა წვლილი შენც მიგიძღვის.