ეკა უმეკაშვილის ბლოგი
წარმოუდგენელია, მაგრამ 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ არიან უჩინარი ადამიანები, სადღაც მიმალული სხვადასხვა ნიჭითა და უნარებით, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობა ფარავს. როგორც წესი, ამაში ხელისუფლებასა და საზოგადოებას ადანაშაულებენ, სინამდვილეში კი ყველაფრის თავი და თავი ოჯახია, რომელსაც სირცხვილითა თუ იმის შიშით არაფერი დაემართოს,შვილი სახლში ჰყავთ გამოკეტილი და “დამნაშავე” საზოგადოება სინამდვილეში მას არც კი იცნობს.
მიკვირს ასეთი მშობლების. რატომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ადრე თუ გვიან შვილს მაინც მოუწევს ოთხ კედელს გაცდეს და მაშინ გაცილებით რთული იქნება რეალობასთან პირისპირ აღმოჩენა. ცხოვრება არავისთვისაა მარტივი, არ აქვს მნიშვნელობა შეზღუდული შესაძლებლობა გაქვს თუ არა. მშობლებო, განა თქვენ არ გქონიათ რთული დღეები, მაგრამ ხომ გადალახეთ? აცადეთ თქვენს შვილებსაც შეხვდეთ სირთულეები. აცადეთ იწუწუნონ, იტირონ, იწვალონ და თვითონ იპოვონ გამოსავალი. აჩვენეთ, რომ მის გვერდში დგახართ. უამბეთ თქვენი განვლილი გზა, მოუყევით წაქცევისა და ადგომის შესახებ. საშუალება მიეცით წაიქცეს და როცა წაიქცევა ნუ წამოაყენებთ, დაეხმარეთ ისწავლოს როგორ ადგეს. გჯეროდეთ შვილის შესაძლებლობების და დაეხმარეთ თვითონაც ირწმუნოს საკუთარი თავის.
მშობლებო, თქვენი შვილი მუდმივად გარიყული იქნება, თუ თქვენ არ იქნებით დარწმუნებული, რომ ის საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია, ისეთივეა, როგორებიც თქვენ და დანარჩენები, თავისი ნაკლითა და ღირსებებით.