ეკა უმეკაშვილის ბლოგი
რას იტყვის ვიღაც ქუჩაში გამვლელი ჩემზე დიდი ხანია საერთოდ აღარ მადარდებს, იმდენად, რომ პასუხის გაცემაც მეზარება. თუმცა იმ შემთხვევას, რომელზეც ახლა უნდა მოვყვე, უპასუხოდ ნამდვილად ვერ დავტოვებდი, რადგან ეს მასწავლებელს შეეხებოდა, მე კი ამ პროფესიასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.
ყოველთვის ვამბობდი საგნის კარგად ცოდნა მასწავლებლობას არ ნიშნავს მეთქი. მასწავლებლობასაც სწავლა უნდა…მე გამიმართლა. აქამდე რომ მოვედი, ოჯახის შემდეგ დიდწილად მასწავლებლების დამსახურებაცაა. თუმცა, სამწუხაროდ, არიან პედაგოგები, რომლებმაც პედაგოგობა არ იციან...
ინტერნეტში გერმანული ენის კურსები ვნახე. დროებიც მისაღები იყო ჩემთვის და თან სამსახურიდან არც ისე შორს მდებარეობდა. ჯერ ფეისბუქ გვერძე მივწერე, დეტალები გავარკვიე და მაშინვე დავრეგისტრირდი. დასტური მომივიდა, კვირაში 2 დღე 5-6 კაციან ჯგუფში უნდა მესწავლა. მეორე დღესვე მივედი. გერმანულის პედაგოგი იქ დამხვდა. რომ დამინახა შეცბა, ალბათ “ინვალიდი” პირველად დაინახა. მე, რა თქმა უნდა, არ შევიმჩნიე და მის წინ სკამზე ჩამოვჯექი. გავეცანი და ვუთხარი, რომ ჯგუფურ მეცადინეობაზე A2 დონეზე ვიყავი დარეგისტრირებული.
_A1 გავლილი გაქვს? _მკითხა.
_ გერმანული სკოლაში მაქვს ნასწავლი და გარკვეულ დონეზე ვიცი_ვუპასუხე.
გაკვირვებულმა შემომხედა და მცირე პაუზის შემდეგ, გადაწყვიტა ეთქვა, რომ ადგილები უკვე აღარ ჰქონდათ. ზუსტად ვიცოდი ეს რატომაც მითხრა და მშვიდად განვაგრძე დიალოგი:
_გუშინ დავრეგისტრირდი, დასტურიც მომივიდა და ვიცი, რომ ადგილები იყო.
ჩემი შებრუნებული სიტყვა არ ესიამოვნა, ალბათ ამას არც ელოდა.
_იცი, შენ უფრო ცალკე უნდა გამეცადინო, ჯგუფებში ვერ…
_უკაცრავად, მაგრამ სკოლაც დამთავრებული მაქვს, უნივერსიტეტიც და ამჟამად დასაქმებული ვარ და რატომ უნდა ვისწავლო ცალკე და არა ჯგუფებში მიზეზი მაინტერესებს
მიზეზს, რა თქმა უნდა, თავი ვერ მოაბა.
ავდექი და წამოსვლა დავაპირე. სათქმელი ვუთხარი და მეტად მასთან ურთიერთობა აღარ მინდოდა, მაგრამ შემაჩერა და წიგნი გადმომიღო (მაინც A1 დონე). დავხედე და ვუთხარი, რომ ეს ჩემთვის მარტივი იყო, მაგრამ მისი ინტერესი რომ დამეკმეყოფილებინა, დავთანხმდი. რამდენიმე ხაზიანი დიალოგი ცალი თვალის გადავლებით ამოვიკითხე.
_ხომ არ გითარგმნოთ? _შევთავაზე და თან ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
ჩემს გამოხედვაზე მიხვდა, რომ თარგმანის მოთხოვნა უკვე ზედმეტი იქნებოდა და ხელები გააქნია.
დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ არასწორი მიდგომა ჰქონდათ. ვერ გაიგებდა, მაგრამ მაინც…
ყველაფერი აქ არ დასრულებულა. მეორე დღეს, ამჯერად სხვისი ფეისბუქით ისევ მივწერე ჯგუფურ მეცადინეობაზე დასარეგისტრირებლად.
_რა თქმა უნდა, ადგილები არის. შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია_იყო პასუხი.
მე გერმანულის სწავლის გარეშე არ დავრჩები, მაგრამ საშინელება ის არის, რომ ასეთი მასწავლებლები არსებობენ.
P.S. ბედნიერი ვარ, რომ მე ნამდვილი მასწავლებლები მასწავლიდნენ