ბლოგი: შეხედულებები ადამიანებზე, რომლებსაც არ იცნობთ
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს, გარეგნობით, ჩაცმით, აზრებით. ალბათ, არავის მოეწონება, გარშემო იყურებოდეს და სადაც გაიხედავს, ყველგან თავის თავს ხედავდეს. ასე ალბათ, ისედაც შეშლილი სამყარო კიდევ უფრო შეიშლებოდა. დღეს, 21-ე საუკუნეში, ყველა ცდილობს აქცენტი საკუთარ ინდივიდუალიზმზე გააკეთოს. ბევრი მინახავს, უარს ამბობს სამოსზე, რომლის ყიდვაც გულით უნდოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე შენიშნა ქუჩაში რამდენიმე ადამიანი, რომელსაც მოწონებული სამოსი ეცვა. არავის უნდა ჰგავდეს სხვას, თუმცა განსხვავებულის მიღება თვითონვე უჭირს.
განსხვავებულის მიღების სირთულის გამოა, რომ შშმ პირები დღესაც ცალკე ჯგუფად აღიქმებიან. დღესაც გვიწევს ბრძოლა, რომ დაგვინახონ. საზოგადოება ხედავს ქუჩაში ეტლით მოსარგებლე პირს, უსინათლოს, დაუნის სინდრომის მქონეს და იცით რას ხედავენ? ხედავენ ეტლს, თეთრ ხელჯოხს და ერთი ქრომოსომით მეტს. მხოლოდ ამით შემოიფარგლებიან და არც კი ცდილობენ დაინახონ პიროვნება. მე არ მინდა ასეთი სამყარო. მე ისეთი სამყარო მინდა, სადაც ადამიანს ხედავენ.
საბედნიეროდ, ჩემი სამსახური მეხმარება იმაში, რომ სწორედ ასეთი სამყარო გვქონდეს. ასოციაცია "ანიკას" პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს შევხვდეთ სკოლის მოსწავლეებს, რომლებისგანაც ბევრს არც კი ჰქონია ურთიერთობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ვერც კი წარმოუდგენია, როგორ დაამყაროს მასთან კონტაქტი. არც ის იციან, რას გრძნობენ შშმ პირები, როცა უბრალოდ მეგობრობა უნდათ, როცა უნდათ უბრალოდ გაერთონ, ამ დროს კი დაჟინებული სიბრალულის გამომხატველი მზერით ისე აშტერდებიან, თითქოს რაღაც არაამქვეყნიური მოვლენის თვითმხილველები გახდნენ.
მოსწავლეებთან შეხვედრის პირველი რამდენიმე წუთი გაცნობას ეთმობა. ამ წუთებში ვცდილობთ გავალღოთ ის ყინული, რომელიც ბავშვების სახეზეა. ერთმანეთს ვუზიარებთ რა გვიყვარს, რითი ვართ დაკავებული. ამ დროს ბევრი ინტერესის დამთხვევა ხდება და მოსწავლეებს სახე ეცვლებათ, ყინული ნელ-ნელა დნება. ხედავენ, რომ თურმე შშმ პირები არც ისეთი “განსხვავებულები” არიან, როგორც ეგონათ. შშმ პირებსაც აქვთ საყვარელი საქმიანობა, ისინიც ერთობიან, სწავლობენ და მუშაობენ. მათაც უხარიათ, ისინიც არიან ბედნიერები. მათაც წყინთ და ისინიც ბრაზდებიან და დიახ, ისინი განსხვავებულები არიან, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი დედამიწაზე.
ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი შეხვედრის პრაქტიკული ნაწილია, როდესაც მოსწავლე თავად ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. უწევს გადაადგილება ეტლით, რომელიც აქამდე არც კი უნახავს, უწევს იყოს უსინათლო პირი, მაშინ როცა არც კი უფიქრია, რა დაბრკოლებებს აწყდება ყოველდღიურად.
აქტივობის შემდეგ თითქოს ჩვენ წინ სულ სხვა ბავშვები ზიან, გამოხედვა ეცვლებათ და ერთი შეხედვითაც კი მარტივია დაინახო, რა ხდება მათში. ზოგის სახეზე სირცხვილი იკითხება, სირცხვილი არასწორი შეხედულების გამო, ზოგის სახეზე გაკვირვებაა, ზოგიერთში ყველა ემოცია ერთად ირევა და ჯერ თვითონაც ვერ გაურკვევია, რომელი მათგანი ჯობნის, მაგრამ ერთი რაღაც ყველას აერთიანებს - ურთიერთობის, კიდევ უფრო ახლოს გაცნობის სურვილი და ვხვდებით, რომ შეხვედრა შედგა. ეს ემოციები გვარწმუნებს, რომ ერთ დღესაც შშმ პირები შეიძლება აღარ იყვნენ განცალკევებული ჯგუფი, რომელსაც საზოგადოებამ თავად მიაკრა იარლიყი და გამოარჩია.
- ბლოგი მომზადებულია ეკა უმეკაშვილის მიერ.