პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

თარიღი: 04/04/2024

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

2024 წლის 25 იანვარს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა.

პროექტს 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა ასოციაცია „ანიკა“ „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან“ თანამშრომლობით. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

პროექტი ეფუძნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრულ რეალიზებას, ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 4 რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, აჭარა) ჩატარდა სოციალური მომსახურებების საჭიროებათა კვლევა, შეიქმნა უფლებებზე და საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებები, მომზადდნენ შესაბამისი სპეციალისტები, ჩატარდა ცოდნის ასამაღლებელი ტრენინგები რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, შემუშავდა სოციალური მომსახურებების ეროვნული სტრატეგია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის მომზადდა ონლაინ საინფორმაციო პორტალი ქვეყანაში არსებული სოციალური მომსახურებების შესახებ. პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, ყვარლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა საიმედო პარტნიორების - პროექტის პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერიების დაჯილდოების ცერემონია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე; ყვარლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქედისა და შუახევის მერები; საქართველოს პარლამენტის წევრები; საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შშმ საკითხებში; საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, სახალხო დამცველის ოფისის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.