პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ გახსნის ცერემონია
თარიღი: 06/05/2021
2021 წლის 27 აპრილს პლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ გახსნის ვირტუალური ცერემონია გაიმართა. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, რომელსაც ასოციაცია „ანიკა“ ახორციელებს. პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას მოწყვლად პირთა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისათვის.
პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით. პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში შეიქმნება შშმ პირთა საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისები და შემუშავდება სოციალური მომსახურებების ეროვნული სტრატეგია. პროექტი ხელს უწყობს “შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები; ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში; სახელმწიფო რწმუნებულების წარმომადგენლები ოთხი რეგიონიდან; საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.