პერსონალური ასისტენტის სერვისი

დაწყების თარიღი: 07/12/2018

პერსონალური ასისტენტის სერვისი

პერსონალური ასისტენტის სერვისი გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უზრუნველყოფას მის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას საჭირო ასისტირების ოდენობას, რაც ზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობას. ასისტირების აქტივობები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და მოიცავდეს მხარდაჭერას საკუთარი თავის მოვლის, კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მუშაობისა და დასვენების, კომუნიკაციის, დღის დაგეგმვის ან/და სხვა აქტივობებს. შესაბამისად, პერსონალური ასისტირების მომსახურება, განსხვავებული საჭიროებებისა და ცხოვრების სიტუაციის შესაბამისად, ინდივიდუალურია და ყველა მომხმარებელთან მიმართებით მომსახურების ოდენობა (საათების რაოდენობა) მნიშვნელოვნად ვარირებს.

პროექტის ფარგლებში, კონკურსის წესით შეირჩა 10 პერსონალური ასისტენტის კანდიდატი, რომელთაც ჩაუტარდათ ტრენინგ კურსის სერია: 1. პერსონალური ასისტირების არსი და მის საფუძვლად არსებული მოდელები; 2. პერსონალური ასისტენტის ფუნქციები, ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და უფლებები; 3. ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები; 4. არასასურველი/პრობლემური ქცევა და მისი მართვა; 5. ინტელექტუალური დარღვევის გავლენა პიროვნების ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე და ხელშეწყობის სტრატეგიები; 6. ფიზიკური უნარის შეზღუდვის გავლენა პიროვნების  ყოვედღიურ ფუნქციონირებაზე; 7. მხედველობის შეზღუდვის გავლენა პიროვნების ყოვედღიურ ფუნქციონირებაზე; 8. პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრეინინგი.

მოცემული ტრენინგ კურსის მიზანი პერსონალური ასისტენტების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება იყო, რისი გავლის შემდეგ ასისტენტებმა უფასოდ გაუწიეს მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ბავშვებს. პროექტი გაგრძელდა ერთი წლის განმავლობაში.