სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის

დაწყების თარიღი: 01/02/2021

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის

ასოციაცია „ანიკა“ ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების  განვითარებისათვის“. პროექტის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადამიანური უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სოციალური მომსახურების მიწოდებაში, ადვოკატირებასა და ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე პოლიტიკის შემუშავებაში წარმოადგენს მნიშვნელოვან პირობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხარისხიანი სოციალური მომსახურებებით უზრუნველყოფისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას მოწყვლად პირთა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისათვის.

პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი. 2021-2023 წწ. განმავლობაში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

• საქართველოში არსებული სოციალური სერვისების შესაფასებელი კვლევა;

• მოთხოვნაზე და უფლებებზე დაფუძნებული ახალი სოციალური მომსახურების შემუშავება და პილოტირება საქართველოს 4 რეგიონში - აჭარა, გურია, იმერეთი და კახეთი;

• 4 ქვე-გრანტის გაცემა საპილოტე მომსახურებების განსახორციელებლად;

• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ცოდნისა და უნარების ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება;

• სატრენინგო მოდულების და მასალების შემუშავება და დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმება;

• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით და ცენტრალურ/ადგილობრივ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სოციალური მომსახურებების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და სხვა.